16 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
1 დღე შარლ მიშელის ვიზიტამდე - რა გზავნილით ჩამოდის და ვის შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

შარლ მიშელი ბაქოდან პირდაპირ საქართველოს ზღვისპირა ქალაქში მოფრინავს. ბათუმის კონფერენციაზე წელს მთავარი დღის წესრიგი "ასოცირებულთა ტრიოს" მომავალზეა აგებული - კიევი, კიშინიოვი და თბილისი ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას შეეცდებიან. თუმცა, საქართველოში შექმნილი ვითარება ოპოზიციას აფიქრებს. ამბობენ, რომ "ოცნება" ევროკავშირის დახმარების შეჩერებას ისე რისკავს, როგორც არასდროს - მიზეზი მათთვის ევროპული კურსიდან გადახვევა.

უცნობია კონფერენციის თემის მიღმა რა კონკრეტული გზავნილით ჩამოდის ქვეყანაში მიშელი - თუმცა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების შესახებ, რომ ინფორმაციას მოითხოვს და უზენაესი სასამართლოს კონტექსტში ბევრი კითხვაც ექნება - ევროკომისიის ბოლოდროინდელმა კრიტიკულმა განცხადებამაც მიანიშნა. ამაზე შარლ მიშელთან სასაუბროდ ოპოზიციაც ემზადება. ევროპული საბჭოს ლიდერი მოუსმენს პრემიერსაც, რომელმაც დღეს პარტნიორების ბოლო წუხილები გაუგებრობად შეაფასა.

სუვერენობაზე ხაზგასმა ენიშნა ოპოზიციის ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ "ოცნება" სულ უფრო საგანგაშო ენით საუბრობს პარტნიორებთან და ამით ჩრდილოურ ნარატივებს ავლენს. ასე ფიქრობენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც", რომელიც როგორც შეთანხმების არახელმომწერი პარტია მიშელთან შეხვედრის დეტალებს ჯერ ისევ ელის.

ის, რომ "ქართული ოცნება" მიშელს კვლავ პოლარიზებულ სახელმწიფოს ახვედრებს თავად პარტიაში ოპონენტების ბრალეულობით განმარტეს. უმრავლესობას დღეს პრემიერის მინიშნებების განმარტებაც მოუხდა.

მიშელის ვიზიტს ელოდება კელი დეგნანიც, აშშ-ის ელჩი ბათუმის კონფერენციას რეგიონალური პოლიტიკის კონტექსტში უყურებს.

შარლ მიშელი ხვალ საღამოს უკვე ბათუმში იქნება, რამდენიმე საათის წინ, სომხეთში მყოფმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის მიზნებს რეგიონით - თქვა, რომ ბრიუსელი სამხრეთ კავკასიაში მეტი ჩართულობითაა დაინტერესებული, ასევე იმით, რომ რეგიონის ქვეყნები გააძლიეროს და ისინი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის მოამზადოს.

დღის ამბები