შინაგან საქმეთა მინისტრს, დეპუტატების გარდა, ჟურნალისტებიც ელოდებიან. ამ წუთებში პარლამენტთან მედიასაშუალების წარმომადგენლები იკრიბებიან. ჟურნალისტები ითხოვენ, მათაც მიეცეთ სესიაზე დასწრების და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.
სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი ეჭვობს, რომ მოძალადე ჯგუფები მათ ადგილსამყოფელს სწორედ ხელისუფლების დახმარებით იგებდნენ და ის ამ კითხვის დასმას აპირებს შს მინისტრისთვის.
"მინდა იქ ვიყო, რომ ამ ტყუილების და დემაგოგიის საშუალება არ მივცე და დავუსვა ის კითხვები, რომელიც არის ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი. მათ შორის, გარდა 5 ივლისამდე მიმდინარე მოლაპარაკებისა და პროცესისა, უშუალოდ 5 ივლისს, როგორ იგებდნენ პოლიციაზე ადრე ძალადობრივი ჯგუფები ჩვენ ადგილსამყოფელს და დაგვდევდნენ ოფისიდან ოფისში, წარმოუდგენელია ინფორმაციის ასე სწრაფად გავრცელება, თუკი სახელმწიფო არაა ჩართული ამაში," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მინისტრი, რომელიც ვერც მოქალაქეებს იცავს და ვერც მოძალადეებს ვერ სჯის, თანამდებობიდან უნდა წავიდეს:
"ბრალიც კი არ წაუყენეს ადამიანებს, რომელთა ვიდეოებიც არსებობს მტკიცებულებად, ანუ ამას რა გამოძიება სჭირდება. არსებობს ვიდეოები სადაც ამბობენ, მსხვერპლი იქნება, შევარდით შენობაში. ბრალსაც კი არ უყენებენ. თავსაც კი არ იწუხებენ, რომ მოგვატყუონ, რომ ვიღაცას სჯიან. შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვერ მიცავს და ჩემზე თავდამსხმელს ვერ სჯის, უნდა წავიდეს,"- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში ვერ შევიდნენ, საპროტესტო აქციას პარლამენტის შესასვლელთან გააგრძელებენ.