შს მინისტრის ოპოზიციის პროტესტის გამო შეწყვეტილი გამოსვლა პარლამენტში ჯერ კიდევ არ განახლებულა. პარლამენტის თავმჯდომარის კითხვაზე, სურთ თუ არა დეპუტატებს ვახტანგ გომელაურის პასუხების მოსმენა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ერთადერთი პასუხი, რომლის მოსმენაც საზოგადოებას სურს, ვახტანგ გომელაურის გადადგომის შესახებ განცხადებაა.
"ერთადერთი პასუხი, რაც საზოგადოებას უნდა, რომ ბატონი გომელაურისგან მოისმინოს და ერთადერთი განცხადება, რაც უნდა, რომ თქვენგან მოისმინოს, ბატონო ვახტანგ, არის ის, რომ თქვენ გადადექით და გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც წაახალისა ის ძალადობა, რომელმაც იმსხვერპლა ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე, რაც არ უნდა აბრახუნოთ და რაც არ უნდა ველურებივით იქცეოდეთ, როდესაც ამხელთ თქვენ სახეს, რომ სწორედ იმ ველურების თანაგუნდელები ხართ, რომელმაც მოკლეს ეს ადამიანი, მაინც ვერ გაგვაჩუმებთ და ვერ გააჩუმებთ ვერც მედიას და ვერც საქართველოს, რომელსაც არ სურს, რომ პრო-პუტინსტური ჯგუფები წახალისებული იყვნენ ხელისუფლების მხრიდან" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს სიტყვით გამოსვლა იმ დროს შეაწყვეტინეს, როდესაც ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
ოპოზიცია ტრიბუნასთან ლექსო ლაშქარავას ფოტოსურათებით დადგა.