16 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
როგორ გაიგეს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილები - პოლიტიკური განხილვების მთავარი თემა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილები დღეს პოლიტიკური განხილვების მთავარი თემაა. შარლ მიშელის მიერ გაკეთებული განცხადებები, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ტრადიციულად სხვადასხვანაირად ესმის.

პოლიტიკურმა აქტორებმა შარლ მიშელის განცხადებებში 3 სხვადასხვა გზავნილი ამოიკითხეს. ერთი ის, რომ დოკუმენტის შესრულება არის ქვეყნის დემოკრატიული დღის წესრიგის პირდაპირ პროპორციული; ის, რომ ყველა პარტია უნდა გახდეს 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი და ის, რომ სასამართლოს რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი.

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აღნიშნული დოკუმენტის ხელმომწერნი არიან, აცხადებენ, რომ ვალდებულებების შესრულების ნაწილში საკუთარ პასუხისმგებლობას იაზრებენ, რასაც ისინი "ქართული ოცნების" შემთხვევაში ვერ ამბობენ.

რაც შეეხება ენმ-ს, რომელსაც შარლ მიშელმა ხელმოწერისკენ პირდაპირ მოუწოდა, პარტიაში აცხადებენ, რომ აქვთ არგუმენტი 20 ივნისთან დაკავშირებით და ეს არის ძირითადი მიზეზი რის გამოც ისინი პოლიტიკურ შეთანხმებას არ უერთდებიან.

"ჩვენ ამ დოკუმენტს არ შევუერთდებით, ეს არის ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება. ჩაიხსნება ამნისტია? რაღაც ახლა შეაჩერეს და შეიძლება გონება გაუნათდათ, ბუნებრივია იმავე წამს მოვაწერთ ხელს და შევუერთდებით შარლ მიშელის შეთანხმებას.

თავად "ქართულმა ოცნებამ" ჩაშალა ეს შეთანხმება, დანიშნა 6 მოსამართლე. არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, ვინც არ ამბობს, რომ შეთანხმება უხეშად დაარღვიეს, გარდა თავად "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებისა," - განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

ის კრიტიკული ტონი, რომელიც ოპოზიციამ მიშელის გზავნილში ამოიკითხა მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ევროკავშირის დახმარების წინაპირობა, ვერ ამოიკითხა მმართველმა გუნდმა, სადაც აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი გაცილებით მკაცრი და ხისტი იყო იმ ნაწილში, როდესაც მან მოუწოდა ყველა პარტიას ხელმოწერისკენ და ამ შემთხვევაში საუბარია "ნაციონალურ მოძრაობაზე".

დღის ამბები