ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელმაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხიც უნდა გადაწყვიტოს, 42 დღე რჩება.
ოპოზიციის მიზანი ერთია - დაამარცხოს "ქართული ოცნება", თუმცა, გამოიკვეთა, რომ მათ მიზნამდე მისასვლელი სხვადასხვა გზა აირჩიეს.
"ნაციონალური მოძრაობის" გზა "ქართული ოცნების" დასამარცხებლად ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე გადის. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის სახელით მებრძოლი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა იყოს.
პარტია "მოქალაქეებში" ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს ვერც ხედავენ. რაც შეეხება დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლას, ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიაში ჯერ არ მიუღიათ.
"გირჩს" უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერის სკამისთვის არ იბრძოლებს. სამაგიეროდ, ძირითად ძალისხმევას და ენერგიას პროპორციული არჩევნებისკენ მიმართავს.
ოპოზიციის წარმატების ფორმულა "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" ისაა, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" პირისპირ არ აღმოჩდნენ. პარტია მესამე არჩევანის აუცილებლობაზე საუბრობს. ამ კონფიგურაციაში, მათი ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურის დაყენებასაც არ გამორიცხავენ.
არჩევნებისთვის ემზადება "ლელო", თუმცა კონკრეტული სტრატეგია კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების შესახებ, ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდები ისმის და პარტიების საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის მხოლოდ ზოგადი მონახაზი საჯაროვდება, იგრძნობა, რომ პოლიტიკური სპექტრი საარჩვენო მარათონშია ჩაბმული.