16 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
იგრძნობოდა, რომ ამერიკელ კონგრესმენებს გარკვეული ინფორმაცია არასრულფასოვნად ჰქონდათ მიწოდებული - მიხეილ სარჯველაძე

საქართველო იყო ერთ-ერთი თემა სენატში სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის მოსმენის დროს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სენატორმა ჯიმ რიშმა კარენ დონფრიდს კითხვით მიმართა. მან ისაუბრა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობასა და მოსამართლეების დანიშვნაზე.

ჯიმ რიში ამბობს, რომ იმედგაცრუებულია - "სხვადასხვა პარტია, რომელიც ჩამოდის ვაშინგტონში, ცდილობს ჩვენ ჩაგვრთოს და მხარე დავუჭიროთ მათ პოლიტიკურ მანევრებში, ჩვენ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ ისინი ვერ აღწევენ დიდ პროგრესს".

პასუხად დონფრიდმა, რომელიც სულ მალე ბაიდენის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტში ერთ-ერთ სტრატეგიულ პოზიციას დაიკავებს, განაცხადა, რომ ის გააგრძელებს ძალისხმევას 19 აპრილს შეთანხმების შესრულებისთვის და მოუწოდებს ყველა პარტიას, შეუერთდნენ დოკუმენტს.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გზავნილების ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება და ხისტი პოზიციები წამოიწევს წინ.

პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების დროა და ასე ფიქრობენ საერთაშორისო პარტნიორებიც.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საფუძვლიანი ცვლილებების გარეშე "ქართულ ოცნება" პოლიტიკურ სამარეში დაიმარხება. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ აშშ-ს წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული გზავნილები საყურადღებოა და მმართველი პარტია განცხადებებს აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კონგრესმენებს ინფორმაციის ნაკლებობა აქვს.

"იგრძნობოდა, რომ ამერიკელ კონგრესმენებს გარკვეული ინფორმაცია არასრულფასოვნად ჰქონდათ მიწოდებული. მეტი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, ვფიქრობ, სხვანაირი შეფასება იქნებოდა. მაგრამ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და დისკუსია უნდა გვქონდეს აშშ-სთან"- აცხადებს სარჯველაძე.

დღის ამბები