შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ "ღამის კურიერში" გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც 5 ივლისის მოვლენებს შეეხებოდა, პოლიტიკოსები აფასებენ.
ოპოზიციისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის არგუმენტები საკმარისი არ არის, ამიტომ პარტიების ნაწილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია. "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა" ინიციატივა უკვე დაარეგისტრირა.
"თუ მინისტრი ღიად ამბობს, რომ არ ველოდით და ვერ შევძელით, ის არ უნდა იყოს მინისტრის პოზიციაზე. დავარეგისტრირეთ უკვე საგამოძიებო კომისია, აქვს მას უკვე მხარდაჭერა და იმედი მაქვს, რომ შეიქმნება. ძირითადი ფოკუსი იქნება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები, რადგან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ამ ყველაფრის უკან, შესაძლოა იდგეს კრემლი,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.