16 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
აპირებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში მისვლას - "ოცნება" ოპონენტებს საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას მოუწოდებს 

"ქართული ოცნება" ოპოზიციას მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს.

როგორც პარტიის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, თუ ოპონენტები 26 ივლისის სხდომას არ დაესწრებიან, ეს მათი მხრიდან პასუხისმგებლობისგან გაქცევად იქნება შეფასებული. 

აპირებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში მისვლას - მათი ნაწილი დასკვნის განხილვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. 

"ვაპირებდი ამ ხალხის მოსმენას, მაგრამ, რომ მემუქრებიან, თუ ამას არ ვიზამ ცუდი კაცი ვიქნები - ეს არ მომწონს. ეს კომისია ჩვენ შევქმენით მაშინ, როდესაც რელევანტური იყო მაგრამ მაშინ ოპოზიცია არ დაეთანხმა. ხოლო როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ ამ კომისიამ თავისი შინაარსი დაკარგა,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

მმართველი პარტია კი ოპოზიციას მოუწოდებს არჩევნების ე.წ. შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით განცხადებები ფაქტებით დაადასტურონ. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას არანაირი მტკიცებულება არ აქვს. 

"ოპოზიცია საუბრობს ვითომ გაყალბებასთან დაკავშირებით და ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოაქვს, რაც ადასტურებს, რომ ცესკოს შედეგები იყო სწორი. თუ კი მათ რაიმე სახის მტკიცებულება აქვთ გააჟღერონ საზოგადოების წინაშე,"- აცხადებს მაჭარაშვილი.

დღის ამბები