2 მცდელობის შემდეგ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის არჩევას ხვალ კიდევ ერთხელ ცდის.
კანდიდატების ასარჩევად, ამჯერად, 90 ხმაა საჭირო. თუ ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და წევრების არჩევა ვერც 90 ხმით მოხერხდა, მაშინ საკანონმდებლო ორგანო კანდიდატებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს.
ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნდობით იყოს აღჭურვილი. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საჭირო ხმები ხვალაც კვლავ ვერ მოგროვდება და ისინი წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ.
"მათ არ აქვთ ცნობადობა და არც საზოგადოების ნდობა, შესაბამისად ასეთ ხალხს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნება" შეეცდება ის კანდიდატი გაიყვანოს, რომელიც ადვილად სამართავი იქნება," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნონა მამულაშვილმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი შეფასებით აქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიცია დესტრუქციას გააგრძელებს და კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.