26 აპრილი 2024,   12:54
ვრცლად
ე.წ. მწვანე საშვი და სავალდებულო ვაქცინაცია - მსოფლიო საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა

საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ავსტრალია - მსოფლიო საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. მიზეზი ე.წ. მწვანე საშვის და სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაა.

დელტა შტამის გამო იზრდება ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ შტატების მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ვაქცინირებული ადამიანებისთვის, პირბადის ტარების წესისა და ვაქცინის ბუსტერ დოზების შეთავაზების საკითხს განიხილავენ.

პარიზში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება, სავალდებულო ვაქცინაციისა და რეგულაციების დაწესებას მოყვა. ათასობით ფრანგი მთავრობას დიქტატურაში ადანაშაულებს და გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვს. 

საფრანგეთის მსგავსად ე.წ. მწვანე საშვი და მედპერსონალის სავალდებულო აცრა უკმაყოფილების მიზეზი გახდა ათასობით იტალიელისთვისაც. 

სავალდებულო ვაქცინაციის გაპროტესტება პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა საბერძნეთშიც. დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა იქაც სხვადასხვა საშუალებები გამოიყენეს.

გაორმაგებული ინფიცირების შემთხვევები და 26 პროცენტით გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა შეერთებულ შტატებშიც ახალი რეგულაციების დაწესების მიზეზი გახდეს. ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების 99% აუცრელი მოქალაქეა.

რეგულაციების გადახედვას არ გამორიცხავს გერმანიაც. იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში ვაქცინაცია ჩქარი ტემპით მიმდინარეობს, ინფიცირებულთა რიცხვის გაზრდის შემთხვევაში აუცრელი მოქალაქეებისთვის რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და სპორტულ მოედნებზე შესაძლოა შეზღუდვები დააწესონ. 


 

 

დღის ამბები