16 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
19 აპრილის ანულირებული შეთანხმება - რა შეფასებები მოჰყვა თბილისში საერთაშორისო პატრნიორების კრიტიკულ გზავნილებს

19 აპრილის ანულირებული შეთანხმება - საერთაშორისო პატრნიორების გზავნილებს თბილისში აფასებენ.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სენატორები და ევროპარლამენტარები გამოეხმაურნენ. დემოკრატიული განვითარების, რეფორმების, ქვეყნის წინსვლისა და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხე - ასეთია საქართველოს პარტნიორების შეფასებები.

ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დასავლელი პარტნიორების რეაგირებას ადეკვატურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პარტნიორები რეალურად ხედავენ ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს.

დამოუკიდებელი დეპუტატის  სალომე სამადაშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორების, მათ შორის სენატორების განცხადებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს:

"რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანს და ნებას," - აცხადებს სალომე სამადაშვილი. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელის არმოწერამ "ქართულ ოცნებას" დამატებითი არგუმენტები მისცა და ეს საბაბად იქნა გამოყენებული.

"სტრატეგია აღმაშენებელში" მიიჩნევენ, რომ შეთანხმების ცალმხრივი გაუქმებით "ქართული ოცნება" რუსულ გზას დაადგა და დასავლელი პარტნიორების განცხადებაშიც პირდაპირაა მითითებული, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ გზას და შესაძლებელია სანქციების განხილვაც.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აშშ-ისა და ევროსტრუქტურებთან გლობალურ თანამშრომლობაზე ვერ იმოქმედებს. მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს რომ საქართველოს საგარეო ვექტორი უდავოა და კონტიტუციითაა გარანტირებული:

"ეს არ იქნება დიდი ცვლილებების გამომწვევი ურთიერთობაში. საქართველოს მთავარი ღირებულება და ვექტორი უდავოა, რაც კონსტიტუციაშია განმტკიცებული და ქართული ოცნების მხარდაჭერით მოხდა ამის აღიარება და განმტკიცება კონსტიტუციური ნორმის სახით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს, რომელიც შეთანხმებაში მონაწილეობას მოჰყვა. მისი თქმით, მმართველი პარტიის მხარდამჭერების უკმაყოფილებას იწვევდა ის პირობები, რა პირობებშიც "ქართულ ოცნებას" შეთანხმებაში მონაწილეობა უწევდა:

"კრიტიკა მოსალოდნელი იყი და ჩვენც არანაკლებ გულდაწყვეტილი ვართ იმასთან დაკავშირებით,რ ომ არ შედგა კონსენსუსი და უფრო მეტიც ნაცმოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლით საბოტაჟის მასშტაბი და ეფექტურობა ამაღლდა და დესტაბილიზაციას რეალური წინაპირობა შეექმნა და ჩვენმა მხარდამჭერმა  საზოგადოებამ ცუდად მიიღო რომ ამ პირობებში მივყვებით შეთანხმებას," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები