პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ანულირების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით უმრავლესობამ საკუთარი "მარცხი" აღიარა.
ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას არ განიხილავს.
"ახლა არ არის დრო, რომ ბოიკოტზე ვიფიქროთ. ეს სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სცენარი იყო დაწერილი, რომ პარტიების რაღაც ნაწილს ბოიკოტი გამოეცხადებინა პარლამენტისთვის და მთლიანად მოესუფთავებინა გზა "ქართულ ოცნებას" თავისთვის და თავისი სატელიტური პარტიებისთვის. მაგრამ, ამის საშუალება ახლა არ უნდა მივცეთ "ქართულ ოცნებას". პირიქით, გუშინ "ქართულმა ოცნებამ" მთლიანად აღიარა საკუთარი მარცხი, აღიარა ის, რომ ის ვერ იღებს 43%-ს და ამიტომაც, უარს ამბობს შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე და შესაბამისად, ახლა პირიქით, დამატებითი ფანჯარა გაუხსნა ოპოზიციას იმისათვის, რომ ჩვენ ძალები გავაერთიანოთ და ერთიანი ძალებით შევიდეთ ამ ბრძოლაში.
ყველა კვლევა ადასტურებს, მათ შორის, "ქართული ოცნების" კვლევა ადასტურებს, რომ 30%-ს ქვევით არის "ქართული ოცნება". გაყალბებითაც კი ვერ ადის 40%-მდე და სწორედ ამან განაპირობა ეს გადაწყვეტილება, რომ სასწრაფოდ ანულირება გაუკეთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს. პრაქტიკულად მარცხისთვის არის განწირული ხელისუფლება და ახლა ცდილობს, რომ სხვა მეთოდებით ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა, რადგან მასზე ამ დრომდე არ იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა.