მმართველი გუნდი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ჩამოსვლას არასერიოზულად მიიჩნევს. ამბობენ, რომ მათ უკვე არაერთხელ მოისმინეს მსგავსი შინაარსის განცხადება, რომლიც განცხადებად დარჩა და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდა.
"ქართულ ოცნებაში" მსგავსი შინაარსის განცხადებებს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილის მობილიზაციას ცდილობს.
"მიშა სააკაშვილმა მეთექვსმეტედ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოდის. იგი დამნაშავეა ელემენტარულად და გარდა ამისა, მე არ ვფიქრობ, რომ მისი ეს განცხადებები უბრალოდ ჰაერში გასროლილი სიტყვებია. კიდევ ერთხელ მცდელობაა, იქნებ მობილიზაცია გაუკეთოს დესტრუქციულ ნაწილს ოპოზიციისა,“ - აცხადებს გია ვოლსკი.
პოლიტიკურ თამაშს უწოდებს სააკაშვილის განცხადებას ოპოზიციის ნაწილი. პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთის დამხმარე რგოლის ფუნქციას ასრულებენ.
"როგორც მუდმივად, ერთმანეთის დამხმარე რგოლის ფუნქციას ასრულებენ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობისთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნებისთვის". ეს არის ერთადერთი პოლიტიკური თამაში, რომელიც საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობს და არც ერთ დიდ პოლიტიკურ პარტიას ამ თამაშის დასრულება არ აწყობს,“ - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კახაბერ ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ თავად "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად აქტუალური გახადოს საკუთარი განცხადებებით.
"მისი პოლიტიკური აქტუალურობა დღეს ჩემი აზრით, ქართულ პოლიტიკაში აღარ არის დღის წესრიგში. ქართული ოცნება ცდილობს, რომ ბატონი სააკაშვილი გახადოს პოლიტიკურად აქტუალური. მათ ყოველთვის სჭირდებათ რაღაც ნეგატიური მაგალითი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების დღემდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაანახოს რომ ჩვენ ტუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ეს ადამიანი დაბრუნდება,“ - აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე.