ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პარტიებთან შეხვედრებს განაგრძობს. ევროპელი დეპუტატი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შეხვდა.
"ქალბატონ ვიოლასთან შეხვედრის ძირითადი თემა იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ამ პროცესების ცენტრში იყო 19 აპრილის შეთანხმების გაუქმება. ამ საკითხზე, ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან დიდი იმედგაცრუებაა. პერსონალურად ჩემთვის ეს შიშის გამოხატულებაა, მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, სამწუხაროდ, ყველაფერს აკეთებს. აქ სინამდვილეში დღეებზეა საუბარი," - აცხადებს პარტიის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია.
ვიოლა ფონ კრამონმა კონსულტაციები გამართა ანა დოლიძესა და ელენე ხოშტარიასთანაც.
როგორც ხოშტარიამ განაცხადა, საუბარი 5 ივნისისა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.
ანა დოლიძემ კი აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება მიშელის შეთანხმების ანულირებაზე, ბევრად უფრო სერიოზული ნაბიჯია, ვიდრე ერთი შეთანხმებიდან გასვლა.
ამასთან, მოლაპარაკებები ვიოლა ფონ კრამონთან დაგეგმილია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთანაც. დღის ბოლოს ევროპარლამენტარი პრესკონფერენციაზე ვიზიტს შეაჯამებს და მთავარ გზავნილებს გააჟღერებს.