საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ფაზაში შევიდა- სიტუაცია მომდევნო ორ კვირაში შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს.
სპეციალისტების თქმით, მოქალაქეების გადარჩენის გზა ვაქცინაციასა და თვეში მილიონ აცრაზე გადის. საქართველო ხვალ დამატებით 160 ათას დოზა Pfizer-ი პრეპარატს მიიღებს.
რა გეგმით აპირებს ქვეყანა თვეში ასიათასობით მოქალაქის ვაქცინაციას და რა გადაწყვეტილება მიიღო იმუნიზაციის საბჭომ?! - ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ Pfizer-ის დამატებით დოზების შემოტანის საფუძველზე, იმუნიზაციის საბჭომ ვაქცინაციის პროცესის გაფართოება დაგეგმა.
თუ აქამდე Pfizer-ის ვაქცინა მხოლოდ ჰოსპიტლებში კეთდებოდა, პროცესში სხვა სამედიცინო განყოფილებებიც ჩაერთვებიან.
აცრის კაბინეტები სოფლებშიც მოეწყობა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ჩინური ვაქცინებით, რადგან Pfizer-ის გადატანის და შენახვის პირობები განსხვავებულია.