პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გიორგი გახარიას მერობის კანდიდატად დასახელებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:
"მე გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, ვინ სად დააყენებს თავის კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ გაკეთდა განმარტებები, შეხვედრის თაობაზე ისაუბრეს კახა კალაძემ და პარტიის ხელმძღვანელებმა.
"კითხვა, ვფიქრობ, აღარ არსებობს, არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვდა, ყველას საქციელს გაეცემა პასუხი 2 ოქტომბერს. შანსები არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, კახი კალაძე გაიმარჯვებს ღირსეულად და დამაჯერებლად. მოსახლეობა ყოველთვის არჩევს კეთილს და ბოროტს, ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.