წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს კახა კალაძე. თბილისის მერობის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა შეხვედრები წყნეთის და ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონის მოსახლეობასთან გამართეს.
კახა კალაძემ და გიორგი ტყემალაძემ ასევე შეხვედრები გაიმართეს ვაჟა-ფშაველას 4-ე კვარტლის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან. საუბარი შეეხო როგორც დედაქალაქის, ასევე, კონკრეტულად, ვაკის რაიონის მასშტაბით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
"ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და თანადგომას. მინდა, ეს პატივისცემა და სიყვარული გაკეთებული საქმეების სახით დავუბრუნო ჩემს ქალაქს. დედაქალაქს აქვს უდიდესი რესურსი, რომ უფრო მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ. ცხადია, ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს, ვერ იქნება მოგვარებული და ამას არც ვამბობ, რადგან შეუძლებელია ყველაფრის გაკეთება," - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრებზე.