16 ნოემბერი 2024,   18:00
ვრცლად
პოლიტიკაში არ "მოსულა" ტყუილები და არ უნდა იკადრო ისეთი რამ, რისი დადასტურებაც შემდეგ შენი პარტიის წევრებს მოუწევთ - ალუდა ღუდუშაური გახარია-კალაძის შეხვედრაზე

გახარია-კალაძის შეხვედრა დღეს პოლიტიკური განხილვის საგანია. ოპოზიციის წევრების თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა შეხვედრები გაიმართება მათ შორის.

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა კონსპირაციული შეხვედრები იქნება და რა თემებს განიხილავენ, ფულის თემა იქნება მათთვის მნიშვნელოვანი თუ სხვა თემები. მთავარია ის, რომ მათთვის ქვეყნის და ამომრჩევლის ინტერესები არ არის მნიშვნელოვანი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, შეხვედრით მისთვის კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გიორგი გახარია და კალაძე ერთი გუნდის წევრები არიან.

ხოლო "გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ნორმალური პროცესია, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთს ხვდებიან.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ გახარია შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფდა, თუმცა მის თანაპარტიელებს ამის დადასტურება მოუწიათ. ღუდუშაურის თქმით, პოლიტიკაში ტყუილები არ "მოსულა."

"როგორც მას უყვარს თქმა - ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - ხშირად იყენებს ამ სიტყვებს და მართლაც, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სიცრუე, ტყუილი არის დამაზიანებელი. პოლიტიკაში არ "მოსულა" ტყუილები და არ უნდა იკადრო ისეთი რამ, რისი დადასტურებაც შემდეგ შენი პარტიის წევრებს მოუწევთ. მოუწიათ იმის დადასტურება, რომ დიახ, ასეთი შეხვედრა იყო," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები