16 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
ყოველდღიურად ვიღებთ პარტნიორებისგან სამადლობელ წერილებს ავღანეთში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავღანეთიდან ჰუმანიტარული მისიაში და მოქალაქეების ევაკუაციის განხორციელებაში საქართველო  აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ჰუმანიტარულ მისიაში  საქართველო ერთგვარ ჰაბად იქცა და ამ ეტაპზე, თბილისის გავლით, ტრანზიტულად 2500-ზ მეტი ავღანეთიდან ევაკუირებული მოქალაქის გატარება მოხდა. 

"პროცესი მოითხოვდა სერიოზულ შრომას, დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს თანამშრომლებთან, იმ ადამიანებთან ვინც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად აქტიური თანამშრომლობით შეძლეს ამ პროცესს უსაფრთხოდ განხორციელება. ძალიან მადლიერი ვარ ჩვენი თანამშრომლების და ყოველდღიურად  ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან სამადლობელ წერილებსა და გზავნილებს ავღანეთში ჰუმანიტარული მისიის პროცესში განხორციელებული ეფექტიანი თანამშრომლობისთვის,“ -აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტროსთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მოახდინა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანა.

ამასთან, ნორვეგიული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან, ჰელენე სანდ ანდრესენსთან.

შეხვედრაზე ნორვეგიის ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს იმ ღირებული წვლილისთვის, რომელიც საქართველომ შეიტანა საერთაშორისო ძალისხმევაში ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენების განხორციელებისას. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც საქართველომ შეასრულა ნორვეგიის მოქალაქეებისა და სამხედროების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლების სასწრაფო ევაკუაციისა და ჰუმანიტარული პროცესების მართვის მიზნით. ელჩმა ჰელენე სანდ ანდრესენმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს საგარეო უწყების მიმართ ოპერატიული და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

"მოხარული ვარ, რომ დღეს მქონდა შესაძლებლობა, ნორვეგიის სახელით,  პირადად გადამეხადა მადლობა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილისთვის. საქართველომ აჩვენა საოცარი მხარდაჭერა ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაციასთან დაკავშირებით. ეს იყო ერთობლივი ძალიხსმევა, ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ძალისხმევა, რომ ადამიანები გამოგვეყვანა უსაფრთხო ადგილას. ჩვენ ვართ ძალიან მადლობელი საქართველოს ქმედებებთან დაკავშირებით, ეს იყო კიდევ ერთი დასტური თუ რამდენად სანდო პარტნიორია საქართველო. მადლობა,“ - განაცხადა ნორვეგიის ელჩმა.

თავის მხრივ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მადლობა გადაუხადა  ნორვეგიის სამეფოს ელჩს ხსენებულ საევაკუაციო პროცესში მისი პირადი ჩართულობისთვის და ახლო კოორდინაციისთვის, რამაც განაპირობა წარმატებული ერთობლივი საევაკუაციო ფრენები.  ასევე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული და პასუხისმგებლიანი წევრი, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ნორვეგიელებისა და სხვა პარტნიორების თანადგომას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში.

დღის ამბები