საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარს გაუგებარ ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს.
ამასთან, პრეზიდენტისთვის გაუგებარია დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა, ვიდრე ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება:
"დღეს 2 სექტემბერია და ზუსტად ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე! არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი არის და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები სიძულვილის ენის, ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, დემოკრატიულ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში! ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები! აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სირთულე, რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა თუ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება.
ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით, ან რამე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა - ანალიზს ვერ უძლებს! როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი (ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის) სესხი.
გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია!
ცოტა არ იყოს, პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება!
ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება- არაღებით არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა! მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც.
დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარი ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია, და ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.