"ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმებას 5 თვის შემდეგ, თუმცა მაინც ხელი მოაწერა. შეცვლილი გადაწყვეტილების მიუხედავად ამბობენ, რომ დღესაც რჩება პუნქტები, რომელსაც არ ეთანხმებიან, თუმცა მათივე თქმით, ახლა სასწორზე სულ სხვა ღირებულებები დევს.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები 1 საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ. ვიდრე პარტიის თავმჯდომარე თანაგუნდელებთან ერთად დოკუმენტს ხელს მოაწერდა, შეხვედრა ელჩთანაც შედგა. კარლ ჰარცელი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლს ასრულებდა, დოკუმენტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
იმაზე, რაზეც დღეს ნაციონალურ მოძრაობაში საუბარი მიზანშეწონილად აღარ მიაჩნიათ, 5 თვის წინ კოლეგა ოპოზიციონერების კრიტიკაა. პოლიტიკური ძალები, ვინც შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილება "ნაციონალურ მოძრაობაზე" ადრე მიიღო და რის გამოც ისინი თავდასხმის ობიექტები გახდნენ, დღეს ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლა მოულოდნელი არ ყოფილა, ოპოზიციის ნაწილისთვის კი ეს ნაბიჯი უპრინციპოდ შეფასდა.
19 აპრილის შეთანხმებას ხელმომწერები დაემატა, თუმცა მისი ანულირება მმართველმა პარტიამ დაახლოებით 1 თვის წინ მოახდინა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" შეცვლილი პოზიცია უკვე არსებულ მდგომარეობაზე გავლენას ვეღარ მოახდენს.
19 აპრილის შეთანხმებას დღევანდელი მონაცემით 150 არჩეული დეპუტატიდან 147 ხელმოწერა, სხვადასხვა დროს, თუმცა მაინც აქვს.