16 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
მთავრობის უარი ევროკავშირის 75 მილიონი ევროს სესხზე - რა განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკური ოპონენტები პრეზიდენტის გზავნილებზე

ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკური გზავნილები, რომელსაც რამდენიმე ადრესატი ჰყავდა, მეორე დღეა პოლიტიკური დისკუსიის მთავარი თემაა.

სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის ადრესატების შეფასებები არაერთგვაროვანია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" დაშვებული შეცდომებით ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

საქართველოს პრეზიდენტმა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც გააკრიტიკა, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. "ნაციონალური მოძრაობაში" პრეზიდენტის კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხეს. 

"როდესაც პრეზიდენტი რაიმე განცხადებას აკეთებს და მით უმეტეს, როდესაც ეს არის კრიტიკული "ქართული ოცნების" მისამართით, მუდმივად "ნაციონალურ მოძრაობას" იყენებს, რომ დააბალანსოს თავისი განცხადება. არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა პრეზიდენტის მიერ, სადაც "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" პარალელურად არ მოიხსენიოს. ეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან არ გაანაწყენოს,"- აცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ზაალ უდუმაშვილი. 

რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას სესხის აღებასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე ობიექტური ინფორმაცია არ აქვს. 

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მას პრეზიდენტის განცხადება არ მოუსმენია, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს იყო სესხი და არა დახმარება, რომელზეც საქართველოს მთავრობამ უარი თქვა. 

"არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება. რაც შეეხება სესხს, ამ ეტაპზე ამის აღების საჭიროება არ არის. ეს არის სესხი და არა დახმარება. ესენი შინაარსობრივად სხვადასხვა რამეს ნიშნავს,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. 

დღის ამბები