რა მოსწონთ და რას იწუნებენ პრეზიდენტის გზავნილებში პოლიტიკოსები? - სალომე ზურაბიშვილის საგანგებო მიმართვა პოლიტიკურ წრეებში კვლავ განხილვის მთავარი თემაა.
ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, პრეზიდენტი სამართლიანად აკრიტიკებს მმართველ პარტიას, რადგან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმით საფრთხე ექმნება ქვეყნის ევროპულ მომავალს.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლა მოულოდნელი იყო.
"მოულოდნელი იყო ეს გამოსვლა, რადგან ასეთი მკაფიო პოზიცია, რომელიც "ქართული ოცნების" ღია პოლიტიკას უპირისპირდება, ჩემი აზრით, იმის მანიშნებელია, რომ მმართველი გუნდი უნდა დაფიქრდეს სწორია თუ არა ის ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ. მათ საკუთარი პრეზიდენტისთვის არ შეუძლიათ საკუთარი ქმედებების ახსნა,"- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება არ არის კომერციული ბანკებიდან სესხი და ის, რაზეც საქართველოს მთავრობამ უარი თქვა, არის ყველაზე შეღავათიანი ფინანსები, რაც შეიძლება ქვეყანას მიეღო.
"ქართული ოცნების" წევრებისთვის კი მსგავსი ბრალდებები მიუღებელია. ისინი ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში რეფორმები გრძელდება.
"არის გარკვეული საკითხები, რომელზეც პრეზიდენტს განსხვავებული მოსაზრებები და მოლოდინები აქვს. თუმცა, რიგ შეფასებებში არ დავეთანხმებოდი პრეზიდენტს და ვფიქრობ, რომ სხვაგვარი შეფასებების წინაპირობები არსებობს. მის გამოსვლაში იყო ის საკითხები, რომელიც გაზიარებადი შეიძლება იყოს, მათ შორის ოპოზიციის მიმართ გამოთქმული კრიტიკა,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.