16 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ადამიანების წამება და გაუპატიურება ხდებოდა, დღეს პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ - პრემიერი 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საპატიმროებში არსებულ პირობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს არსებული მდგომარეობა წლების წინანდელთან შედარებით რადიკალურად არის განსხვავებული. მისი თქმით, ხელისუფლება მთლიანად არის ორიენტირებული ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებაზე. 

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ გაკეთებულ საქმეებზე, არ გვავიწყდება, როგორი გამოწვევები იყო თუნდაც ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში. უნდა აღინიშნოს ორი სიტყვით, თუ რა მდგომარეობა იყო მაშინ ციხეებში, როგორ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება, თავისუფლება და ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომელიც ღვთისგან არის ბოძებული," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი მდგომარეობა იყო 8-9 წლის წინ საქართველოში.

"როდესაც ჩვენი ოპონენტები გვაკრიტიკებენ, მინდა მათ შევახსენო, მათ არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკონ, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ადამიანის ღირსებაზე და თავისუფლებაზე, ადამიანის დაცვაზე. რამდენიმე დღის წინ რატი ბრეგაძემ გაიხსენა, რომ ციხეებში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კარგად ვიცით, ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ციხის საკანში, 20 კვადრატულ მეტრზე, 30-ზე მეტი პატიმარი იყო გამომწყვდეული. ასეთ არაადამიანურ პირობებს ემატებოდა მათი ყოველდღიური ცემა, ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც ხდებოდა საპატიმროებში. დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება. ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ციხის ტერიტორიაზე, მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ვუწყობთ ხელს მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება "ქართული ოცნება" "ნაცმოძრაობისგან" და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან. ამიტომაც, ჩვენ ყველამ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება“ ძლიერად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები