16 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
როგორი უნდა იყოს გენერალური პროკურორის არჩევის წესი - საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული პოზიციები აქვთ

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ განხილვას იწყებს. სწორედ ხვალ გამოიკვეთება პოზიციები გენერალური პროკურორის არჩევის წესზეც. დღეს კი ითქვა, რომ პროექტში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, პირველი პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით უნდა აირჩეს, უმრავლესობისთვის მიუღებელია და საჭიროა ალტერნატიული წინადადებების განხილვა.  

მმართველმა გუნდმა, საკითხზე "ქართული ოცნების" პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. უმრავლესობის ლიდერებმა ოპონენტების საპასუხოდ აღნიშნეს, რომ გენერალური პროკურორის არჩევა მაღალი კვორუმის პირობებში შესაძლოა უფრო მეტი საფრთხის მატარებელი იყოს, ვიდრე არსებული წესი.

"თქვენ რასაც მსჯელობთ, გარდა იმისა, რომ პოლიტიკა პირდაპირ მართლმსაჯულებაში შეგაქვთ და არ ვეთანხმები კატეგორიულად იმას, რაც წესი ახლა არის, რომ ერთწლიანი, ზუსტადაც პოლიტიკური კონიუნქტურით უნდა იყოს გამწესებული პროკურორი, რომლის მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რომ გრძელვადიანი პერსპექტივაში იყოს გარანტირებული და ბერკეტი ჰქონდეს იმისა, რომ მე ან თქვენ ან ნებისმიერმა პოლიტიკურმა ფიგურამ მისი საქმიანობის რყევა არ გამოიწვიოს. მითხარით, რას გვთავაზობთ? მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვეთანხმები იმას, რომ უნდა იყოს პროკურორი პირიქით, დაცული, გარანტირებული, რომ პოლიტიკა არ შევიტანოთ მართლმსაჯულებაში," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.  

ოპოზიციურ სპექტრში კი პოზიციები ორად იყოფა. ნაწილი ცვლილებების წინააღმდეგია, მეორე ნაწილი კი კანონის განახლების მომხრეა. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, კარგად გაიაზრონ ჩანაწერის საფრთხე სამომავლოდ, როდესაც შესაძლოა ქვეყანამ მიიღოს ერთი წლით არჩეული გენერალური პროკურორი.

განხილვას არ ექვემდებარება უზენაეს კანონში დაგეგმილი სხვა ცვლილებები - საუბარია საარჩევნო ბარიერსა და პროპორციულ სისტემაზე - პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, ამ ორ საკითხზე სრული კონსესუსია.

დღის ამბები