"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული პუნქტები შესრულებული აქვს, მათ შორის, მაკროფინანსური ტრანშის მიღების ნაწილში.
მისივე განმარტებით, რადგან სესხს ჰქონდა მკაფიო მიზნობრიობა, ის COVID-19-ს უკავშირდებოდა და არ ექნებოდა პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი, პრიორიტეტული არ იყო ამ სესხის აღება.
"რაც ეწერა მიშელის დოკუმენტში, რაც ეწერა ე.წ. მაკროფინანსური დახმარების - ანუ სესხის შეთანხმებაში, თითოეული პუნქტი გვაქვს ზედმიწევნით შესრულებული და ეს ძალიან კარგად იციან, მაგალითად, ელჩებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ შეთანხმებაში. რაზეც შევთანხმდით ზეპირად და რაც შემდეგ ტექსტში აისახა, ის გვაქვს სიტყვა-სიტყვით შესრულებული, თითოეული პუნქტი, მათ შორის, მაკროფინანსური ე.წ. დახმარების შეთანხმებაში რაც წერია, ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულეთ როგორც პოლიტიკურად საინტერესო, ისე ნაკლებად საინტერესო ნაწილში და რაც ეწერა 19 აპრილის შეთანხმებაში, ისიც სიტყვა-სიტყვით გვაქვს შესრულებული. აქედან გამომდინარე, მთავარია, რომ პირნათელი ვართ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.
ეს იყო სესხი, რომელიც უნდა აეღო ქართველ ხალხს და საუბარია 75 მილიონზე, და ჰქონდა სპეციფიკური მიზნობრიობა - კოვიდს უკავშირდებოდა და ა.შ. არსებობს სხვა ტიპის სესხები, მაგ. ინფრასტრუქტურული და ა.შ. სადაც ეკონომიკური ეფექტი არის პირდაპირი. მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტული არ იყო ამ სესხის აღება, მით უმეტეს, რომ პრემიერ-მინისტრმა არაერთი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ამოცანა საგარეო ვალის შემცირებაა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.