დაახლოებით ერთი საათის წინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემირმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა.
მეზობელი ქვეყნის პირველ პირს საქართველოს პრემიერმინსტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები.
ნიკოლ ფაშინიანის ჩამოსვლას უკვე მოჰყვა გამოხმაურება მთავრობის რიგებში. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული ვიზიტი საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს.
"სომხეთი პრემიერმინისტრის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მოვლენა ორმხრივ ურთიერთობებში. ეს გახლავთ მისი პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ბუნებრივია, ჩვენი საუბრის ძირითადი თემატიკა, ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება იქნება, როგორც პოლიტიკურ სფეროში, ისე რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ვისაუბრებთ ეკონომიკური, კულტურული, ვაჭრობის მიმართულებით პერსპექტივებზე, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო პროექტებში ჩვენი ერთობლივი ჩართულობა და ვფიქრობ, ეს ვიზიტი თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს," - აცხადებს საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერმინისტრის შეხვედრები დაგეგმილია მთავრობის წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან.