16 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ ერთი ხაზგასმაა საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე - დავით ზალკალიანი აშშ-ის თავდაცვის აქტზე

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის დოკუმენტში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა და მასში ახალი მნიშვნელოვანი აქცენტებია გაკეთებული.

მინისტრის თქმით, დოკუმენტში საუბარია საქართველოს როლზე, როგორც აშშ-ისთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაზე.

"ვფიქრობ, რომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ისთვის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ცალკე თავად საქართველოს გამოყოფა და ახალი ამ მნიშვნელოვანი დამატებების შეტანა მიანიშნებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის მნიშვნელოვან დონეზე," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტმა თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტის კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი 2022 წლისთვის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

კანონპროექტში ხაზგასმულია ქართველი სამხედროების მიერ ერაყსა და ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან ერთად შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

კომიტეტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის როლს და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

კონგრესი მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განაგრძოს საქართველოს დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობის ამაღლებისა და შეკავების გასაძლიერებლად, მათ შორის, ლეტალური და არა/ლეტალური შესაძლებლობებით.

დღის ამბები