16 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
კონგრესმენთა დელეგაციის წევრებმა შეხვედრები დღეს პარლამენტში გამართეს

ვაშინგტონის მხარდაჭერის მორიგ დასტურზე იყო საუბარი პარლამენტშიც, სადაც კონგრესმენთა დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ. მათ საქართველო-შტატების მეგობართა ჯგუფის წევრები შეხვდნენ.

ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, საქართველოს აქვს დიდი როლი სამხედრო ოპერაციებში. პარტნიორებს აქვთ საერთო ინტერესები და ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ფინანსურ საკითხებში.

"მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა დაამტკიცა თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტის კანონპროექტი, რითაც გვერდში ვუდგავართ საქართველოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ეს არის განგრძობადი მხარდაჭერა NATO-ში გაწევრიანებისთვის, ასევე გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა. შეერთებული შტატების ელჩთან ჩვენ განვიხილეთ ფინანსურ საკითხებში თანამშრომლობა, მოვიზიდოთ ინვესტორები და წავახალისოთ სამომავლოდ თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასა და საქართველოს შორის.

ჩვენ გვჭირდება მეგობრები მსოფლიოს ამ ნაწილში. საქართველოს კი დიდი როლი აქვს სამხედრო ოპერაციებში. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ეს ჩვენი შეშფოთების საგანია. ახლოვდება არჩევნები, ჩვენ კი მხარს დავუჭერთ საქართველოს, რომ გახდეს შეერთებული შტატების მსგავსი ძლიერი დემოკრატიის მქონე სახელმწიფო, ასევე ღირებულებების, რწმენის ქვეყანა" - განაცხადა კონგრესმენმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელი რედაქციის გამო, რომელშიც განსაკუთრებული ქვეთავი საქართველოს ეთმობა, კოგრესმენს მადლობას უხდის.

"ძალიან სასიხარულო ამბავია ის, რომ ამერიკის დროით გუშინ გამოქვეყნდა თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელი რედაქცია, რომელშიც განსაკუთრებული ქვეთავი ეთმობა საქართველოს, ჯორჯიელი კონგრესმენის ოსტენ სკოტის რედაქციით, რისთვისაც მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. აქაც ხაზგასმულია სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან, მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაში, რეგიონული მშვიდობის, შავი ზღვის უსაფრთხოების," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

დღის ამბები