16 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
"ოპონენტების რადიკალური ნაწილი 2 ოქტომბრის ნაცვლად, 3 ოქტომბრისთვის ემზადება" - "ქართული ოცნება" ოპოზიციას პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" ოპოზიციას პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპონენტების რადიკალური ნაწილი 2 ოქტომბრის არჩევნების ნაცვლად, 3 ოქტომბრისთვის ემზადება. საუბარია არჩევნების შემდგომ დესტრუქციულ ქმედებებზე.

საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის, როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ოპოზიცია სხვადასხვა მექანიზმს იყენებს. გივი მიქანაძემ, "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ის არასამთავრობო ორგანიზაციები დაასახელა, რომლებიც მისი ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "ევროპულ საქართველოსთან" არიან დაკავშირებული.

ბრალდების ადრესატები კონკრეტულ პარტიასთან კავშირს უარყოფენ და მმართველი ძალის განცხადებას არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციად აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობას განახორციელებენ, "ქართულ ოცნებას" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

"ქართულ ოცნებაში" დღეს თქვეს, რომ იმ 62 არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომლებმაც ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარეს, 12-ს "ნაციონალური მოძრაობის", სამს კი "ევროპული საქართველოს" წევრები და მხარდამჭერები წარმოადგენენ. 

იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი, რომლებიც დღეს მმართველ პარტიაში, სადამკვირვებლო ორგანიზაციების საფარქვეშ წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებების მოწყობაში დაადანაშაულეს, აცხადებენ რომ მსგავსი მეთოდები ქართულ პოლიტიკაში სწორედ "ქართული ოცნების" დანერგილია.

 

 

დღის ამბები