16 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები და არა იმის, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში - გიორგი ვაშაძე 

თაკო ჩარკვიანის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მან მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაცია დააფუძნა, გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციაში.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიესალმებიან პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარის განცხადებას და ამბობენ, რომ მისი ეს ინიციატივა ძალიან სასარგებლო იქნება.

"ჩვენ მადლიერები ვართ ქალბატონი თაკოსი, ძალიან დიდი სიმპათიები მის მიმართ აქამდეც მქონდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, რომელმაც ასეთი არა "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან, სხვა პარტიების წარმომადგენლების მაგიერ თქვა ის, რაც ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო იქნება," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხალხს სჭირდება ხელისუფლების ცვლილება  და არა კონკრეტული პირები ხელისუფლებაში.

"ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები და ამაზე ტარდება რეფერენდუმი და არა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში. ხალხს სჭირდება ცვლილებები, ხელისუფლების ცვლილება. არა კონკრეტული პირები ხელისუფლებაში, არამედ სიახლეები ხელისუფლებაში, საქმის მკეთებელი პროფესიონალები ხელისუფლებაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ისეთი ინიციატივები, რომელიც ამ მიზანს აგვაცდენს, არ არის მიზანშეწონილი. ჩამოსვლა და არჩამოსვლა მიხეილ სააკაშვილის, არ არის მთავარი ამოცანა დღეს საქართველოში," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თაკო ჩარკვიანის ინიციატივას აფასებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

"ქალბატონი თაკო ჩარკვიანი ბატონ ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" უნდა დაელაპარაკოს. მე მგონი სააკაშვილის მარშრუტი მაგათზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ამ მოძრაობის ძირითადი დანიშნულება იქნება "ქართულ ოცნებასთან" ლაპარაკი. მე ასე მესმის, იმიტომ, რომ ისინი ერთად გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მარშრუტს. მაქსიმუმ, საზღვრამდე მოიყვანონ მიშა, რომ ხალხი დაძაბონ, გამოვიდნენ და მიშას წინააღმდეგ მისცენ ხმა,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები