როგორი იქნება 2024 წელს ქვეშეთი-კობის 23 კილომეტრიანი გზა და 9 კილომეტრიანი გვირაბი - თუ დღეს მოქალაქეს ყაზბეგში ჩასვლა 3 საათამდე დროში შეუძლია, ახალი გზის დასრულების შემდეგ იქ საათნახევარში მოხვდება, რადგან კობამდე მისასვლელი 34 კილომეტრიანი გზა 23 კილომეტრამდე შემცირდება.
პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც - სოფლები წლის განმავლობაში თვეობით გარე სამყაროს წყდება, ახალი გზა კი ყველანაირ ამინდში უსაფრთხო იქნება.
9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა, რომლის ვიბრაციაც სამუშაო პროცესში მინიმალურია და სამშენებლო პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება მილიარდ 200 მილიონი ლარია. ფინანსურ მხარდაჭერას კი აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკები ახორციელებენ.
მშენებლობის დაწყებას დღეს პრემიერი ინფრასტრუქტურის მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო. ირაკლი ქარსელაძემ დღეს ადგილზე დეტალურად ახსნა, თუ რატომ იყო აუცილებელი ამ ტერიტორიაზე ახალი გზის მშენებლობა.
საუკუნის პროექტად შეაფასა ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პროექტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, მთლიანად რეგიონისთვის.
ქვეშეთი-კობის ახალ 23 კილომეტრიან გზას საერთაშორისო კომპანია აშენებს, რომელსაც დაარსების დღიდან 153 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 1200 კმ გზა, ასევე, ხიდები და 600 კმზე მეტი სიგრძის გვირაბები აქვს აშენებული.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ, დამატებით იგეგმება, გუდაურამდე 5 კმიანი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობაც.