სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადირება საქართველოში დაახლოებით 15 დღეში მოხდება.
ადვოკატი აღნიშნულ გადაწვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს.
"ჩვენდა სამწუხაროდ ეს ბოლო ინსტანცია იყო. ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის. მისი ექსტრადირება დაახლოებით 15 დღეში მოხდება.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწვეტილება, რადგან პროცედურა იყო ხელოვნურად დაჩქარებული და უკრაინული სამართლებრივი რიგი ნორმები იგნორირებული იქნა," - განაცხადა მეგის ქარდავას ადვოკატმა, მაქსიმ სიჩენკომ.
მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების საკითხს პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. ენმ-ის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის აღნიშნულ საკითხზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ის განჩინება, რომელიც მეგის ქარდავას წინააღმდეგ არის გამოსული, ქართული მართლმსაჯულების მხრიდან აღსრულდეს.
"მეგის ქარდავას ექსტრადირება ძალიან მნიშნველოვანია, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც არსებობდა 2012 წლამდე და ერთ-ერთი სახე ამ სისტემის გახლავთ ეს ადამიანი და მნიშვნელოვანია, რომ ის განჩინება, რომელიც მის წინააღმდეგ არის გამოსული, ქართული მართლმსაჯულების მხრიდან აღსრულდეს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ, იუსტიციის სამინისტროს ბრძანება, კიევის სასამართლომ ძალაში დატოვა. უკრაინაში საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატი ინფორმაციას ადასტურებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მეგის ქარდავას ქართულ მართლმსაჯულებას უახლოეს დღეებში გადმოსცემენ. ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ფიგურირებს, მათ შორის, საუბარია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობაზე, ასევე წამებისა და არადაამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდზე.