"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ სავარაუდო ახალი ფარული ჩანაწერების სუსი-დან გამოტანა უწყების უფროსის ყოფილ მოადგილეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს და ექსპრემიერს, გიორგი გახარიას უკავშირდებოდეს.
კობახიძის თქმით, ამ საკითხის გამოძიებით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ.
"რაც შეეხება იმ ტყუილ-მართალს, რომელზეც ინფორმაციები ვრცელდებოდა გასული დღეების განმავლობაში, ეს არის მეორე საკითხი. რა თქმა უნდა, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, გამოიძიება უნდა დაინტერესდეს და გამოვლინდეს ვის ხელს უკავშირდება რეალურად იმ ტყუილ-მართალის გამოტანა, რომელზეც არის საუბარი გასული დღეების განმავლობაში, იქნება ეს გახარია-ხოჯევანიშვილი, თუ ვინმე სხვა, ამით უნდა დაინტერესდეს ალბათ გამოძიება და უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაცია მიღებული.
რაც შეეხება ინსტრუმენტებს, ამაზე მოგვიანებით შეიძლება მსჯელობა. თუ რაიმე მართალი შეიძლება იყოს იმ ინფორმაციიდან, რომელიც გავრცელდა, ამ ინფორმაციების მოპოვების დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც 2 გასაღები იყო 2 ხელში და ორივე გასაღებს აკონტროლებდა ერთი და იგივე ჯგუფის ორი წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე შესაძლოა არსებობდეს შესაბამისი ეჭვები, თუმცა მე ამ დეტალებში ვერ შევალ, ეს არ არის ჩვემი პრეროგატივა. ამ დეტალებში უნდა შევიდნენ სამართალდამცავი ორგანოები საჭიროების შესაბამისად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.