სავარაუდო ახალი ფარული ჩანაწერების სკანდალი, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა.
პროკურატურის პარალელურად, გავრცელებულ მასალებზე გამოძიება შეიძლება პარლამენტმაც დაიწყოს. საგამოძიებო კომისიის შექმნას საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია მოითხოვს, რომელსაც ამისათვის 50 ხმა სჭირდება.
თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ამ ეტაპზე მსგავსი კომისიის შექმნის ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ და იმედებს 2 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ პერიოდზე ამყარებენ. ამ ეტაპზე უფრო რეალური პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევაა, რომლისთვისაც "ლელომ" ხელმოწერების შეგროვება უნდა დაიწყოს.
რამდენად რეალურია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" ინიციატივა და დაინიშნება თუ არა პარლამენტის საგანგებო სხდომა, ამაზე მმართველ პარტიაში გადაჭრით არ საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს გახსნილობის პრობლემა არ აქვთ. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნას, ფიქრობენ, რომ ამ შესაძლებლობას ჩრდილს თავად ოპოზიცია აყენებს.
საკმარისი ხმების მობილიზების შემთხვევაში ოპოზიციის ინიციატივა განსახილველად ბიუროს უნდა გადაეგზავნოს, სწორედ ბიუროს წევრებმა უნდა განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილება დაკმაყოფილება თუ არა წინადადება, თუმცა არჩევნებამდე 1 თვით ადრე საპარლამენტო საქმიანობა, როგორც წესი, ჩერდება, შესაბამისად, ბუნდოვანი რჩება მოხერხდება თუ არა საგანგებო სესიის ჩანიშვნა 2 ოქტომბრამდე.