საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყველა პოლიციელს საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია 1000 ლარამდე გაეზარდოს.
მისივე თქმით, 2012 წლიდან არ გაზრდილა პოლიციელის პენსია და დარჩა 350 ლარის დონეზე.
"მინდა, მივმართო ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, პოლიციელებს, განსაკუთრებით ამ ბოლო სკანდალების ფონზე, როდესაც თქვენ გაიძულებენ ყველა წესისა და კანონის დარღვევით, პრაქტიკულად ყველა მოქალაქის ჩაწერას, რაც არის დამამცირებელი პოლიციელის ღირსებისთვის, რადგან პოლიციელი უნდა იცავდეს კანონს და ასეთი რამეები კანონით რეგულირდება. ვიცი, რა სიტუაცია გაქვთ. ვიცით, რომ „ოცნების“ მხარდამჭერ კრიმინალებს არ გაკარებინებენ ხელს, ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ მოგცემთ ნებართვას, ასე იყო ავსტრალიელის მკვლელზე და უამრავ სხვა ადამიანზე. ვიცი, რომ ყოველდღიურად გიხდებათ საქმის ქონა "ნარუშნიკების" მქონე კანონის დამრღვევებთან, ვიცი, რომ უაზროდ გაცდენინებენ დროს, როდესაც პატრულის თანამშრომლებს აყენებენ გზაჯვარედინებზე და ავალებენ ძველი "გაიშნიკებით" მოძრაობის რეგულირებას, ეს არ არის ნამდვილად პატრულის საქმე.
ისევე როგორც არ იზრდება ხელფასი, თითოეულ თქვენგანს აქვს საბანკო ვალი. ასევე, პენსია არ გაზრდილა 2012 წლიდან, დარჩა 350 ლარის დონეზე, რაც უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. უნდა იყოს მინიმუმ 1 000 ლარი.
ყველას გვესმის, რომ ეს რეჟიმი მიდის დასასრულისკენ, ახლა მთავარია, მას არ ჩავყვეთ საფლავში. არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. მიმაჩნია, რომ ყველა პოლიციელს საბანკო ვალები უნდა ჩამოეწეროს, პენსია უნდა გაიზარდოს 1 000 ლარამდე. ეს არ არის პოპულიზმი, მე გამიკეთებია და ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. პოლიციელი, რომელსაც აქვს სოციალური დაცვის გარანტიები, უკეთესად იცავს თავის მოქალაქეებს და არ აქვს ცდუნება კორუფციისკენ წასვლის. ცოტაც კიდევ გაძელით, ჩემო მეგობრებო, რადგან მე კარგად ვიცი, რომ თქვენ შორის არის ბევრი პატრიოტი. ეს კოშმარი, რომელიც მთელ საქართველოს ეხება, თქვენც გეხებათ, სრულიად მალე დასრულდება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.