20 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
"მთავარი არხის" ოპერატორი "ნიუ ჰოსპიტალში" გადმოიყვანეს - ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია

"მთავარი არხის" ოპერატორი გვიან ღამით თბილისში, "ნიუ ჰოსპიტალში" გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა, ექიმების თქმით, ამ ეტაპზე სტაბილურია. ლევან აბლოთიას გამოკვლევები უტარდება.

ინციდენტი გუშინ მოხდა. "მთავარი არხის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს."მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მმართველ პარტიაში.

"ცხადზე ცხადია და კადრებშიც გამოჩნდება, რომ ეს იყო განზრახ მიყენებული დაზიანება. დაზიანება არის მარტივი სიტყვა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლა მეორე სართულიდან გადმოისროლეს ჩემი ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც რამდენიმე წამს გონზე არ იყო და როდესაც მოვიდა გონს, მითხრა რომ ზურგს მთლიანად ვერ გრძნობდა, ხელს და ფეხს ვერ ამოძრავებდა," - განაცხადა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა ტექნიკის დაზიანების გამო არ არსებობს. გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები