ეუთო/ოდირი დადებით შეფასებას აძლევს ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო კოდექსში შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ აისახა. ამის შესახებ ნათქვამია შუალედურ ანგარიშში, რომელსაც ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აქვეყნებს.
”საარჩევნო კოდექსში ცვლილებებმა შეცვალა საარჩევნო კომისიების შემადგენლობა და დანიშვნის წესი, შემოიღო უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტი ადგილობრივი არჩევნებისთვის, გაახანგრძლივა დავების გადაწყვეტის ვადები, შემოიღო სავალდებულო შემთხვევითობის წესით ხმების ხელახალი დათვლა და დამატებითი ზომები, ამომრჩევლის დაშინებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგლ," - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, ამ ცვლილებებში ნაწილობრივ გათვალისწინებულია ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თუმცა რამდენიმე რეკომენდაცია გაუთვალისწინებელია.
"ოდირის რამდენიმე წინა რეკომენდაცია გაუთვალისწინებელია, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვასთან, საარჩევნო დავის გადაწყვეტასთან და სახელმწიფო რესურსების გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ზომებთან დაკავშირებით," - ნათქვამია ეუთო-ს ანგარიშში.