საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა და სიტყვით მიმართა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, საქართველო უკვე გახდა ემიგრაციის ქვეყანა.
პრეზიდენტის განმარტებით, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, ვინც სამწუხაროდ, სხვადასხვა პირობებში დაკარგა მოქალაქეობა, ახლა არსებობს მოქალაქეობის აღდგენის საშუალება, რაც კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს.
"100 წელი გავიდა საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ე.ი. 100 წელი გავიდა ჩვენი პირველი, ისტორიული, პოლიტიკური ემიგრაციის წასვლის შემდეგ და ზოგმა ქვეყანამ კი ოკუპაციის შემდგომ თვეებში აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.
ასე რომ, ერთგვარად გვაქვს - ერთი, პოლიტიკური ემიგრაციის დაარსების 100 წელი და ჩვენი აღიარების 100 წელი, რომელიც საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, რუმინეთსა და ლუქსენბურგში მიმდინარე წელს ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იქნება.
მინდა აღვნიშნო, რომ 26 სექტემბერს, სწორედ საფრანგეთში იქნება საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც სწორედ ქართული ემიგრაციის 100 წლისთავსა და საფრანგეთის მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებას ეძღვნება.
"ახალგაზრდა ელჩები" ძალიან კარგი წამოწყებაა, რასაც კიდევ ერთხელ მივესალმები, თუმცა ყველა ჩვენი ემიგრანტი პრაქტიკულად ჩვენი პოტენციური ელჩია, თუ ჩვენ გვეცოდინება, როგორ გავაძლიეროთ, გავაღრმაოთ და კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ მათთან ის კავშირი, რომელიც უკვე არსებობს,"- განაცხადა პრეზიდნეტმა.