არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მატულობს ინტერესი და კითხვები - თუ როგორი იქნება კენჭისყრის მეორე დღე.
მმართველი გუნდის ლიდერებმა არაერთხელ თქვეს, რომ ოპოზიციისგან დესტაბილიზაციის მცდელობის მოლოდინი აქვთ.
საკითხზე ამჯერად პრემიერმინისტრა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერში" ისაუბრა. მისი თქმით, თუ იქნება პროცესის ხელოვნურად დაძაბვის და ქუჩაში გადატანის მცდელობა, ამას უკომპრომისო ნაბიჯები მოყვება.
ოპოზიციონერი ლიდერები ბრალდებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ პროცესების ხელოვნურად დაძაბვას "ქართული ოცნება" ცდილობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არეულობისთვის ემზადება, რასაც თავადვე აანონსებს.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მიზანია ქვეყანაში მშვიდობაა.
"დღეს თუ ამ ქვეყანაში ვინმე ფიქრობს დესტაბილიზაციაზე ეს არის "ქართული ოცნება". გაერთიანებული ოპოზიციის ერთადერთი მიზანი კი არის გამარჯვება არჩევნებში და ქვეყანაში მშვიდობა,"- აცხადებს გეგელია.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციაში არ არსებობს პოლიტიკური რესურსი და ისინი დესტრუქციულ ნაბიჯებზე გადავლენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციისგან საბოტაჟი მოსალონდელია.
"საბოტაჟის მოლოდინი არსებობს, თუმცა ამაზე ჩვენ ჩვენი პასუხი გვექნება. სამ წლიანი მშვიდი განვითარების საშუალება ექნება ჩვენს ქვეყანას არჩევნების შემდეგ ,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
თბილისის მერი კახა კალაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციის გადასაწყვეტია განაგრძობს თუ არა საპარლამენტო მუშაობას.