"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განაცხადებით, ეუთო/ოდირი-ს მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, რომელიც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება დადებითია, რაც ქვეყანაში არსებულ დადებით გარემოზე მიუთითებს.
"დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი ორი კვირის განმავლობაშიც ასეთივე გარემო შენარჩუნდება. ეს არის მნიშვნელოვანი და ასევე კენჭისყრის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად ჩატარდეს არჩევნების დღე. ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამშიც ეუთო/ოდირ-ს დარჩეს ძალიან დადებითი შთაბეჭდილება ამ არჩევნებთან დაკავშირებით.
ყველაფერი არის ასახული ხომ ამ ანგარიშში – პრინციპულად შეიცვალა საარჩევნო სისტემა, რაც გაზრდის ოპოზიციის წარმომადგენლობას ყველა, 64-ვე საკრებულოში – ეს ერთი. მეორე – შემოღებულია პერიმეტრის წესი, რაც იყო ერთ-ერთი პრინციპული საკითხი და 100-მეტრიანი რადიუსია დადგენილი ახლა საარჩევნო უბნების გარშემო, ეს არის მეორე პრინციპული საკითხი. მესამე – გაიზარდა ოპოზიციის წარმომადგენლობა არსებითად ყველა დონის საარჩევნო კომისიაში 3-დან 8 წევრამდე. მეოთხე – შემოღებულია გადათვლის უპრეცედენტო წესი, როდესაც საარჩევნო უბნების მინიმუმ 10 პროცენტი იქნება გადათვლილი. ამ მასშტაბის რეფორმა საქართველოში არასდროს არ განხორციელებულა და ეს არის სათანადოდ შეფასებული ეუთო/ოდირი-ს ანგარიშში. ეს არის პრინციპული, არსებითი რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. ასეთ დროსაც, როდესაც მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", სხვა პარტიები ხმას არ აძლევენ, პრინციპში ეს ორი პარტია იყო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებებს, როდესაც ისინი ასეთ ნაბიჯს დგამენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათთვის საბოტაჟი, დესტრუქცია არის თვითმიზანი. დანარჩენი, რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდა და ეს არის პირველ რიგში "ქართული ოცნების" დამსახურება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.