თბილისის ქუჩებში ე. წ. "სისხლიანი ბანერების" გამოჩენას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. გაკეთდა განმარტებაც, რომ ეს არა პარტიული, არამედ კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის მიუხედავად თემა ურთიერთბრალდებების საგნად იქცა.
"ნაციონალური მოძრაობა" დისკრიმინაციული შინაარსის ბანერების გაკვრაში "ქართულ ოცნებას" და თბილისის მერს ადანაშაულებს. ამასთან პარტია აღნიშნავს, რომ ამ ბანერებით პანდემიის პრევენციასთან დაკავშირებული საინფორმაციო დაფები ჩაანაცვლეს, რაც კიდევ დამატებითი პრობლემაა.
"ამ ბანერებს აკეთებენ იმის საჩვენებლად, რომ სიცოცხლის ქალაქის ნაცვლად, ეს ქალაქი იქცა სიძულვილისა და სიკვდილის ქალაქად. მე შეგახსენებთ, რომ ბანერები გადააკრეს ვაქცინაციის სასარგებლო კამპანიის შემცველ ბანერებზე. კახი კალაძე, ნაცვლად იმისა, რომ დადიოდეს და სარგებლობდეს ამ სიძულვილის შემცველი ბანერებით, უმჯობესია, დაკავდეს რეალური საქმით და ოპონენტების აღიარებით," - აცხადებს თამარ კორძაია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არის გამოხატვის თავისუფლება და ყველას აქვს ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობა.
"ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ესა თუ ის გამოხატვის ფორმა, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის როგორც ჩანს "მადლიერი" ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ბანერების განთავსებასთან კავშირს კახა კალაძე ცალსახად უარყოფს.