"არჩევნები და უსაფრთხოება" - არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
ონლაინ კურსი 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში სამინისტროს 879 თანამშრომელი მონაწილეობდა.
ტრენინგს, რომლის მიზანი, საარჩევნო თემატიკაზე სამართალდამცველების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება იყო, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
ტრენინგში მონაწილე პოლიციელები ასევე გაეცნენ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას და აღნიშნულ ბრძანებაზე თანდართულ ინსტრუქციებს, რომელთა თანახმადაც, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები. ამასთანავე, განსაზღვრულია პოლიციელის მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპის მკაცრად დაცვის ვალდებულება.
"აღნიშნული ტრენინგები მიზნად ისახავდა, იმ ძირითადი სიახლეების გაცნობას პოლიციის მუშაკებისთვის, რაც დაკავშირებულია, არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან. აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა ცეესკოსთან აქტიური თანამშრომლობით. ჩვენ ტრადიციულად, ყოველი არჩევნების წინ, ვთანამშრომლობთ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პოლიციელებს მიეწოდათ ინფორმაცია, შინაგან საქმეთა მინისტრის იმ ბრძანების შესახებ, რომელიც უშუალოდ კენჭს ყრის დღეს, ჩვენი პოლიციელების მოქმედების წესებს არეგულირებს,"- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.