პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად დრო ეწურებათ, შესაბამისად, ელექტორატთან შეხვედრებს განაგრძობენ. "ევროპული საქართველოს" ლიდერები ფოთში მხარდამჭერებს შეხვდნენ. პარტიის თავმჯდომარე ადგილობრივებს ჰპირდება, რომ მისი პოლიტიკური გუნდის არჩევის შემთხვევაში, ადგილობრივების პრობლემები მოგვარდება.
სოფელ დარჩელის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა ერთიანი ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმაც.
წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს ნიკა მელიაც, ოღონდ, მამისგან განსხვავებით, თბილისში. გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიასთან ერთად, ამჯერად, ვაკის მოსახლეობას შეხვდა და მათ მაჟორიტარი დეპუტატობის შეთანხმებულ კანდიდატად ბათუ ქუთელია წარუდგინა.
აქტიური იყო მმართველი პარტიის კამპანიაც. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლიდერებთან ერთად დღეს დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა. პირველი თათბირი ქუთაისში ჩატარდა.
ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს "ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი. გიორგი ტყემალაძე, ამჯერად, ბაგებსა და ნუცუბიძის III პლატოზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა. სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა კი, ამჯერად, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ღვინის ქარხანა დაათვალიერა და იქ დასაქმებულებს შეხვდა.
პოლიტიკოსებს ამომრჩევლების გულის მოსაგებად სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოსახლეობა 2 ოქტომბერს დააკომპლექტებს.