ოპოზიციის ნაწილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" განმარტებას მოითხოვს. მათ აინტერესებთ, რატომ ამბობს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია უარს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩანიშვნაზე, სადაც, "ლელოს" ინიციატივის მიხედვით, გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით, სუსის უფროსი და პრემიერ-მინისტრი უნდა მოიწვიონ.
"აუცილებლად მიმაჩნია სხდომის ჩანიშვნა, მიმაჩნია აუცილებლად ლილუაშვილისა და პრემიერ-მინისტრის დაბარება, რომ მათ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ ვინ უსმენდა ამდენ მოქალაქეს, საეკლესიო პირებს, რატომ უსმენდა.
შეფასება, რაც გუშინ მოვისმინე ბატონი მელიასგან, ჩემთვის მიუღებელია. ველოდები, რომ, ალბათ, იქნება ამის ახსნა-განმარტება,"- აცხადებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერისთვის გაუგებარია, რატომ არ სურს ენმ-ს "ქართული ოცნების მხილება", რაც, მისი თქმით, ამ სხდომის ჩანიშვნის შემთხვევაში, აუცილებლად მოხდება.
"სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია სრულად ემთხვევა "ქართული ოცნების" პოზიციას ამ შემთხვევაში. ყველა მექანიზმის გამოყენება, რომელიც ამხელს არსებულ დანაშაულებრივ სისტემებს, ძალიან მნიშვნელოვანია და, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციაში მყოფ კოლეგებს, კარგად დავფიქრდეთ. რეგლამენტით შესაძლებელია ამ სხდომის დანიშვნა და სუსი ხელმძღვანელის მოსვლა. რატომ არ სურს ეს "ქართულ ოცნებას" - იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ და ეშინიათ მხილების. მე ყველაზე მეტად ის მაოცებს, ამ მხილებაზე რატომ ამბობს უარს ნაციონალური მოძრაობა,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
"გირჩის" ლიდერს, იაგო ხვიჩიას "ნაციონალური მოძრაობის" უარის მიზეზთან დაკავშირებით საკუთარი თეორია აქვს:
"ზოგადად, ასეთი ტიპის ინიციატივები არ უნდა იყოს ერთპარტიული. იქიდან გამომდინარე, როცა ერთპარტიულია, წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა პარტია ფიქრობს, რომ იმ ერთ პარტიას ქულა არ დააწერინოს. "ნაციონალური მოძრაობა" არ არის გამონაკლისი და ასეთი რაღაცები ძალიან ბუნებრივი ამბავია პოლიტიკაში, ყოველ შემთხვევაში, ქართულ პოლიტიკაში.
შესაბამისად, ვფიქრობ, "ლელოს" მხრიდანაც არ იყო სწორი პოზიციონირება, რომ მისი, მხოლოდ ერთი პარტიის ინიციატივა იყო, უნდა ყოფილიყო, რაღაცნაირად, ერთობლივი ინიციატივა ოპოზიციის, რომელსაც ასე უხეშად ხელს ვერავინ ვერ კრავდა,"- აცხადებს ხვიჩია.
პარტიის "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი აქცენტს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციების თანხვედრაზე აკეთებს:
"ჩვენ ვუერთდებით ამ ინიციატივას, მაგრამ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ინიციატივა იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის განცხადებას - პირველად არ ხდება ასე, როდესაც ისინი ხელისუფლებისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ. მაგალითად, სულ ახლახანს, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით რაც მათ გააკეთეს - ესეც იყო მაშველის რგოლის ფუნქციის შესრულება ხელისუფლების სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ოცნება უფრო და უფრო მეტად ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და ყოველდღიურად გვაბრუნებს წარსულში,"- აცხადებს მიხეილ დაუშვილი.