16 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"ეს ჯგუფი არ ემსახურება რუსულ პროპაგანდას" - რა შეფასებები მოჰყვა "ქართული ოცნების" სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშს პოლიტიკურ სპექტრში

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

"[შალვა პაპუაშვილმა] ტყუილი დასძინა, რომ გიგი უგულავას ჯგუფს ვმართავ. კი, მე ვმართავ "მილიონ ქართველის" ჯგუფს და მათი ჯგუფებისგან განსხვავებით, ეს ჯგუფი არ ემსახურება რუსულ პროპაგანდას. გვახსოვს, რომ მათ დაუბლოკეს ათასობით გვერდი რუსული პროპაგანდის გამო," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, თორნიკე დიასამიძემ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ იმ სოციალური მედიის გვერდებში, რაც შალვა პაპუაშვილმა ახსენა, აღნიშნულია სიმართლე და კანონს არ არღვევენ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, დავით სერგეენკოს შეფასებით, მათი პოლიტიკური ოპონენტები ძირითადად დაკავებული არიან კონკურენტების გაშავებით. მისი თქმით, არსებობს უამრავი ყალბი სოციალური გვერდი, რომელიც დაკავებულია მიზანმიმართული დეზინფორმაციით.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლთა პოსტებზე ხშირია ტროლების, ბოტების მობილიზება და აღმოჩენილია 1 200-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში. შალვა პაპუაშვილმა სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც მმართველი გუნდის თქმით, თავისი ქცევიდან გამომდინარე, ზიზღის ენის გამოყენებით და დეზინფორმაციის გავრცელებით, ახდენენ "ქართული ოცნების" და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციას.

დღის ამბები