"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩის ევროკავშირის ოფისში დაბარების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამაში ვერაფერს სკანდალურს ვერ ხედავს.
"არაფერი ამაში სკანდალური არ არის, მე ამ შეხვედრის შესახებ კონკრეტულად არ ვიცი, თუმცა რა თქმა უნდა ასეთ პირობებში, როდესაც სამწუხაროდ მედიის მხრიდან ხდება უკვე მერამდენე დღე არის ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც და ეს საჭირო არის და ამ კომუნიკაციაში ჩვენ ყველა არხებით რა თქმა უნდა ვართ იმისთვის, რომ განმარტება მივცეთ. ისევე როგორც საზოგადოებას ვაძლევთ განმარტებას, ასევე ვაძლევთ განმარტებას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინფორმაციით, სუსიდან გამოჟონილ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.