ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფარული ჩანაწერების იმ ნაწილზე, სადაც დიპლომატებიც ფიგურირებენ, ბრიუსელმა რეაქცია ევროკავშირის სათავო ოფისში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან შეხვედრით გამოხატა.
აუდიენცია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გუშინ შედგა. შეხვედრის შესახებ თბილისში ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა.
ბრიუსელი საკითხს სერიოზულად უყურებს, მით უმეტეს, რომ ფაილებში სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც ფიგურირებს.
მათ შორის არის ევროკავშირის ელჩი, რომელმაც დღეს ვენის კონვენციის დარღვევაზე მიუთითა. ეს კონვენცია 1961 წლიდან არეგულირებს სახელმწიფოების დიპლომატიურ ურთიერთობებს, საქართველო კი მას 28 წლის წინ 1993 წელს შეუერთდა.
ევროპელი პარტნიორების მხრიდან საკითხით დაინტერესება არ უკვირთ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" უფრო მნიშვნელოვან კითხვაზე ელოდებიან პასუხს - ვინ დგას შესაძლო ფარული ჩანაწერების გავრცელების მიღმა.