პრემიერ-მინისტრმა გაეროს საჩუქრად ვეფხისტყაოსნის სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა. უნიკალური ხელნაწერი, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა.
ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა.
"ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენ საჩუქარს გადავცემთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ჩემთვის დიდი პატივია მისი ოფიციალური გადმოცემა. მადლობა მინდა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ყველაფრისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერისთვის," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღონისძიებას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე დაესწრო. ატულ ხარემ თავის მხრივ პრემიერს საჩუქრად 2018 წელს გაეროს სპეციალური დეპარტამენტის მიერ გამოცემული შოთა რუსთაველის საიუბილეო საფოსტო მარკა გადასცა.
"მადლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი ამ განსაკუთრებული საჩუქრისთვის. მინდა, ქართველ ხალხს, თქვენი ლიდერობით, მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე. საქართველოს ეროვნულმა განძმა ახალი ბინა დაიდო აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო დაწესებულებაში, ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის ქართული ეპოსის შედევრი - შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" - მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამთვალიერებლებისთვის გახდება შთაგონების წყარო. ასეთი სტუმრები მრავლად გვყავს. ეს საჩუქარი ძლიერი დასტურია იმისა, რომ საქართველო ერთგულია ერებს შორის მეგობრობის, მშვიდობის, თავისუფლებისა და რა თქმა უნდა - საერთაშორისო თანამშრომლობისადმი," - აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ატულ ხარე.