16 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
"მოდელირებული კვლევები" - ოპოზიციას "ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების არ სჯერა

"ქართული ოცნების" მიერ თბილისში ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის შედეგებს პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. სახელისუფლებო პარტიის ჩატარებულ კვლევას ოპოზიცია კვლავ უნდობლობას უცხადებს.

"მესამე ძალის" თბილისის მერობის კანდიდატი, თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ მისთვის აღნიშნული რეიტინგები ღიმილისმომგვრელია. მისი შეფასებით, მსგავსი კვლევის მიზანია ადამიანებმა იმედი დაკარგონ და არჩევნებზე არ მივიდნენ.

"ლელოს" მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი ხელისუფლების კვლევას მოდელირებულს უწოდებს.

"სად აქვს "ქართულ ოცნებას" ნდობა რომ მის კვლევებს ვენდოთ. ისინი ცხოვრობენ ალტერნატიულ რეალობაში. რეალობა არის ის, რომ ადამიანებს სჭირდებათ ცვლილებები და ამ ცვლილებების საჭიროება ჩანს, გარეთ ჩანს და არა "ქართული ოცნების" მოდელირებულ კვლევებში, არამედ ადამიანებში ჩანს. რეალობა არის ის, რომ "ქართული ოცნება" ახლოსაც კი ვერ მივა იმ 43%-იან ბარიერთან," - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

კვლევას არ ენდობიან "ნაციონალურ მოძრაობაშიც".

"რაღაცას დაჯღაბნიან და ამ დაჯღაბნილშიც კი არ აქვთ კარგი შედეგები. საკუთარ კვლევაშიც კი არ შეუძლიათ რეალობის ისე გაყალბება, რომ არ დავინახოთ ერთი მთავარი სურათი - "ქართული ოცნების" ჯამური ხმები და დანარჩენი ოპოზიციის ჯამური ხმები არის ძალიან დიდი ოდენობით ოპოზიციის სასარგებლოდ. პარტიული კვლევა შიდა მოხმარებისთვის არის საჭირო და როდესაც მას აქვეყნებ, ეს იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ ეწევი მანიპულაციას. ამას ახლა ვინ იჯერებს, ვინ "ჭამს?" - აღნიშნა ენმ-ის წევრმა, რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება პარტია "დროას", ელენე ხოშტარია კვლევას მანიპულაციას უწოდებს. "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის კვლევებს სერიოზულად არც აღიქვამს.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის კვლევის მიხედვით, დედაქალაქში გამოკითხული 2792- რესპონდენტიდან უმეტესობა მხარს ქართულ ოცნებას და მერობის კანდიდატ კახა კალაძეს უჭერს.

დღის ამბები